შსს ავრცელებს პრესრელიზს, რომლითაც იუწყება, რომ ქართველმა და თურქმა სამართალდამცველებმა ერთობლივი ოპერაციისას თურქეთის 12 მოქალაქე დააკავეს – ყველა მათგანი წითელი ცირკულარით იძებნებოდა. მათგან 4 საქართველოში უკანონოდ არის შემოსული იმ დროს, როცა მათზე საერთაშორისო ძებნა უკვე გამოცხადებული იყო.
13 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ:
- ყველა დაკავებული ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდა.
- დაკავებული 12 პირიდან 8 პირი საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მაშინ შემოვიდა, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა, ხოლო 4 პირი საქართველოში შემოსულია უკანონოდ, რის საფუძველზეც მიმდინარეობს შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პროცედურები.
- ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც ის უკანონოდ ინახავდა.
- თორმეტივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული,
წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
დაკავებულებს ბრალად ედებათ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენა, კერძოდ:
- დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა (მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობა);
- მკვლელობის მცდელობა;
- ყაჩაღობა;
- თავისუფლების უკანონო აღკვეთა;
- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება;
- ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების შექმნა და წევრობა;
- გამოძალვა და ქურდობა;
- ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და ტარება;
- ნარკოტიკული დანაშაული;
- დოკუმენტების გაყალბება;
- საინვესტიციო თაღლითობა და მითვისება.
ჯამში დაკავებულები 178 ეპიზოდში არიან ბრალდებულები.