რადიო თავისუფლებარადიო თავისუფლებარადიოძიებამოსაძებნი ტექსტიახალი ამბები4,5-4,5 წელი მიუსაჯეს „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დაკავებულებს 4 საათის წინფოტო არქივიდან: პროევროპულ აქციაზე დაკავებული თემურ ზასოხაშვილი და დავით ლომიძე თბილისის საქალაქო სასამართლოშიფოტო არქივიდან: პროევროპულ აქციაზე დაკავებული თემურ ზასოხაშვილი და დავით ლომიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში იხ. კომენტარები (1)მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროევროპულ აქციებზე პოლიციისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი დამნაშავეებად ცნო. მათ პატიმრობაში 4 წლისა და 6 თვის გატარება მოუწევთ.საქმე აღძრული იყო „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.განაჩენი ნინო გალუსტაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 8 აგვისტოს, გამოაცხადა.„თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ შეწყალება“, – ამ ფრაზით დაასრულა სხდომა გალუსტაშვილმა.53 წლის დავით ლომიძე პოლიციამ 2024 წლის 1 დეკემბერს აქციაზე ჯერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავა. მას ბრალი პოლიციის სამმართველოში მიყვანიდან 48 საათში დაუმძიმეს, მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული პატიმრობისთვის კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადა სრულად ამოეწურა.მას ბრალად ედებოდა პირველ დეკემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ შედეგად „სამინისტროს ბალანსზე არსებული წყლის ჭავლის ავტომობილი დაზიანდა“.მასთან ერთად დააკავეს 38 წლის თემურ ზასოხაშვილიც. ისიც ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, 48 საათის ამოწურვის შემდეგ კი დავით ლომიძის იდენტური ბრალი წაუყენეს.დაკავებისას ორივე ბრალდებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მათ ცემის კვალი აღკვეთის ღონისძიების სხდომაზეც ეტყობოდათ.ბრალს არცერთი მათგანი არ აღიარებდა.2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება პროევროპული აქციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით. პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ არ დააყენებენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.პოლიციამ დააკავა 500-მდე ადამიანი, მათ შორის 50-მდე სისხლის სამართლის წესით. გამოძიების დაწყებიდან რვა თვის თავზე, არცერთი სამართალდამცავი, რომლებმაც აქციის მონაწილეებზე, მათ შორის ჟურნალისტებზე იძალადეს, არც გამოვლენილი და არც დასჯილი არაა. დემონსტრანტების ნაწილი კი უკვე გაასამართლეს და მათგან უმრავლესობა დამნაშავედ ცნეს.
