ამ განსაცდელის დროს, რაც ჩვენს ერს და ჩვენ დაგვატყდა თავს, ჩვენ უნდა ვხედავდეთ, რომ აქ დადის მაცხოვარი, აქ დადის სიმართლე. დღეს საქართველოში სიმართლე ყველგან დადის, ყველა ქუჩაში დადის სიმართლე და ჭეშმარიტება. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მივიდეთ სიმართლესთან და არ უნდა შეგვეშინდეს, თორემ ჩავიძირებით. არ უნდა შეგვეშინდეს, ეს არის ყველაზე მთავარი. ვინც სიმართლეს ეძებს იმას არ უნდა შეეშინდეს არც ქარის და არც მტრის. აი მაშინ უფალი იქნება ჩვენთან.
[…]ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტებას არ ეძებენ, რომლებსაც პროპაგანდისტები ჰქვიათ, ნებისმიერ სიტყვას დაჭრიან და ტელევიზიაში ისე გაუშვებენ, როგორც თვითონ უნდათ. რაღაც მიზანი აქვთ. ეს ადამიანები არ ეძებენ ჭეშმარიტებას და ვერასოდეს ვერ გახდებიან ჭეშმარიტების ტაძარი. ღვთის ტაძარი ვერ გახდებიან. მაშინ ვისი ტაძრები არიან? სიცრუის, ეშმაკის.
პირდაპირი გაგებით ეშმაკი მკვიდრობს მათში, ვინც ადამიანებს ატყუებს, ვინც ერს ატყუებს და რაღაც მოჩვენებით საშიშროებებს უქმნის – დიფ სთეითებს, ომის პარტიებს. მატყუარები არიან.
მსოფლიოში როგორი გლობალური მოვლენები ხდება და ესენი დადიან აქ ღელე-ღელე და ქუჩაში ბავშვებს იჭერენ, ბავშვებს დასდევენ. პოლიტიკა არის საზოგადოებრივი ურთიერთობა და ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიო საზოგადოებასთან შეწყვიტა ურთიერთობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ესენი პოლიტიკოსები არ არიან, ესენი ქვეყნის გადამრჩენები არ არიან და ქმნიან რაღაც საშიშროებებს, რაღაც პროპაგანდას და თვითონ ხდებიან ამ პროპაგანდის მსხვერპლი. უშვებენ ტელევიზიებში და თვითონ იჯერებენ. თვითონ არიან შეშინებულები და ხალხს აშინებენ. მათი ბოლო სირცხვილია, მათი ბოლო გაგიჟებაა.
მალე დაიწყებენ გამოცხადებებით საუბარს, რომ ეს გამოეცხადა, ის გამოეცხადა. რადგან 2 გზა არსებობს მარტო – ან ღვთისკენ, ან ბოროტებისკენ და იმათმა ბოროტება აირჩიეს თავიანთ პროპაგანდისტებთან ერთად და ეშმაკის ტაძრები გახდნენ. ამახინჯებენ სიტყვებს, ჭრიან და კერავენ ისე, როგორც თვითონ უნდათ. სამწუხაროა ეს ყველაფერი და ძალიან საწყენია, მაგრამ ყველა ამის ბოროტ ნაყოფს თვითონ მიიღებს. ჭეშმარიტების ნატამალი არ რჩება მათში.